Moroccan Mosaic by Teo

View previous topic View next topic Go down

GMT - 6 Hours Moroccan Mosaic by Teo

Post by Simba on Sun Oct 19, 2014 9:25 am

"Ты что офигела?!"- აი სწორედ ეს სიტყვები აღმოხდათ თვითმფრინავში გაცნობილ რუს ტურისტებს, როცა ვუთხარი რომ მაროკოში მარტო ჩამოვედი და 3 კვირა მარტოდ მარტო ვაპირებდი მხოლოდ ჩემს ზურგჩანთასთან და ფოტოაპარატთან ერთად მოგზაურობას. როცა გაიგეს რომ ქართველი, ვარ ჯერ იყო და აეროპორტში ყველა კაცს თვალები დაუბრიალეს "А ну ка отвалите от нашей девочки грузинки!" სიტყვებით, თითქოს მაგათი ნათესავი ვყოფილიყავი, შემდეგ კი გულით მთხოვეს მათ მხიარულ კომპანიას შევერთებოდი. მე რა თქმა უნდა ზრდილობიანი უარი ვუთხარი, თუმცა გულის სიღრმეში ძალიანაც დამთბა - სასიამოვნოა ყურადღება და სითბო იმათგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი.

ეს ქალი 5 გზის ჩემპიონი იყო ბოდიბილდინგში
აფეთქებული კაფე ჩემი ფანჯრებიდან



არა და მე მაროკოში სულ სხვა განწყობით წავედი. იმ უმნიშვნელო ფაქტმაც კი არ შემაშინა ალქაიდამ რომ ზედ ჩემი სასტუმროს წინ მოინდომა კაფის აფეთქება და ათეულობით ტურისტის იმქვეყნად ნაადრევად გამგზავრება. თუმცა საბოლოოდ მგონი ამიხდა ამ რუსი ტურისტების სიტყვები.



მოზაიკა - სწორედ ეს ასოციაცია მაქვს ამ ქვეყანაზე. ის ჭრელია და ფერადი, მაგრამ ამავე დროს სხვა არაფერია თუ არა ათასობით ნამსხვრევის ერთობლიობა და შესაბამისად ეს არ არის ბუნებრივი სილამაზე. თუმცა, ეს ჩემი შთაბეჭდილებების შედეგია, ზოგი გადამეტებული და ზედმეტი, მაგრამ ყველა მათგანი პირადია. ყველა მოგზაური ხომ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას საკუთარ გზას გადის და უკან საკუთარი შთაბეჭდილებებით ბრუნდება. ზოგიერთ ჩემს შთაბეჭდილებას ქვემოთ გაგიზიარებთ.

ყველაზე ცუდი კაცები მსოფლიოში

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დედამიწის ზურგზე არსად კაცებს ისე არ შევუწუხებივარ როგორც მაროკოში. ჯერ კიდევ თვითმფრინავში 40 წლის ტიპი მომისკუპდა (არა და გემრიელად მეძინა 3 სკამზე, თავისი ადგილი კი წინა რიგებში იყო) და მთელი 4 საათი არ მომასვენა საკუთარი თავის რეკლამირებით. ამერიკის მოქალაქეა (ტოჟე მნე!), თავს უვლის, დარბის და 40 წლის ასაკისათვის მაგარ ფორმაშია! ჩავალთ მაროკოში და მშობლებს გამაცნობს! ფაქტიურად მთელი მომავალი დამიგეგმა.
მაროკოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 27 წელია, მათი უმრავლესობა კი ახალგაზრდა, უმუშევარი ყმაწვილები არიან. ამიტომაც, არც არის გასაკვირი, რომ როცა მარტო ხარ და წითელი თმები გაქვს ქუჩაში ვერასოდეს გაივლი წყნარად. ირგვლივ ყველანი სახეში გაშტერდებიან და ათას რამეს გეძახიან. გაგიმართლებს თუ მხოლოდ "Hello! Salam! Bojour!"-ით შემოიფარგლებიან. რაგანაც შესაძლებელია პირდაპირ ტურისტებით და ადგილობრივებით გადაჭედილ მოედანზე რომელიმე კაფის ოფიციანტმა სექსი, ან უკეთეს შემთხვევაში ქმრობა შემოგთავაზოს! და თუ ყურადღებას არ მიაქცევ, სახალხოდ ისე გამოგლანძღავს, რომ მიწის გახეთქვა ინატრო. ან კიდევ ზედ ავტობუსის გაჩერებაზე მოგვარდეს გაბურძგნული და თვალებამღვრეული ბარიგა "Hey! Do you smoke? I've got something for you!".

ხშირად ეს ბირჟავიკი და უცხოელი გოგონების მოსადკავე ტიპები აგედევნებიან და ხელით ხელით შეხებასაც ცდილობენ! ერთი-ორმა მე პირადად ძალიან შემაშინა. ერთხელ რაბათიდან ტანჯიერში მივდიოდი დილის მატარებლით, კუპე სავსე იყო მგზავრებით. უეცრად ერთი მომიტრიალდა და მეუბნება: "შენ ის გოგო არა ხარ რამოდენიმე დღის წინ მეკნესში მავზოლეუმის წინ ორ სკოლის მოსწავლესთან ერთად რომ იღებდი ფოტოებს?" - გავოგნდი. ეს ორი ქალაქი ისეა ერთმანეთისაგან დაშირებული, რომ ძალზედ მცირე ალბათობა იმისა, რომ ვინმე ნაცნობს შემთხვევით შეხვდები, მით უმეტეს ასეთ დეტალებს რომ გეტყვის.
ან კიდევ მეორე ეგზემპლარი. ფეზიდან კასაბლანკაში მივდივარ. ამოვიდა, მთელი გზა ნიცშეს კითულობდა, თავი არც აუწევია. ჩავედით თუ არა კასაბლანკაში წიგნი ჩანთაში შეინახა, მომიტრიალდა და ტონით მიცხადებს: "შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, გეპატიჟები რესორანში".  უარზე ისე განაწყენდა: "მე შენი გულისათვის წამოვედი კასაბლანკაში, ისე რაბატში მივდიოდი მაგრამ გადავიფიქრე, არ ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და გამოგყევი!"- გაგიჟება შეიძლება!



აქაური ვაჭრები მსოფლიოში ყველაზე აბეზრები, აგრესიულები და მატყუარები არიან მსოფლიოში. არა და იცით რა ლამაზი ბაზრობები აქვთ? თვალებს მოგჭრით ტექსტილისა და ტყავის ნაწარმის სიჭრელე. ფერების ისეთი ფეირვერკია, რომ ნებისმიერი ფოტოგრაფისათვის მისწრებაა.



მაგრამ რა ჯანდაბად გინდა?! ვინ გაგახარებს! თუ ჩემსავით მარტო წახვალთ შანსი არ გაქვთ იხეტიალოთ დაკარგვამდე. ამ ფერადი მაღაზიების პატრონები ჩამოგახევენ კალთებს:"Come here!", "Have a look!", "Don't shoot!", "Give me money!" და ვაი შენს ტყავს თუ ფოტო გადაიღე, ისეთი აგრესიულები ხდებიან, რომ ისღა დაგრჩენია სასწრაფოდ გაეცალო იქაურობას. 


მართალია კარგი მაღაზიის მეპატრონეებიც შემხვდნენ. ისეთები, რომლებთანაც გულიანად ვისაუბრე ჭიქა ჩაიზე, ვინც მრავალი საინტერესო ისტორია მომიყვა და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთებიც კი შემხვდნენ საკუთარი პროდუქციის შემოჩეჩების ნაცვლად საჩუქრებით რომ გამომიშვეს უკან. ასე ერთმა სამაჯური მაჩუქა, მეორემ ბერბერი ქალის ტრადიციული პარფიუმერია, მესამემ ქოშები, მეოთხემ კი საყურე. მაგრამ ზოგადად იმდენად უარყოფითი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამათმა ვერ გააქარწყლეს Sad.

დღემდე მაქვს ამ კაცის ნაჩუქარი სამაჯური


წვიმა და სეტყვა საჰარაში
საჰარას უდაბნოში მას შემდეგ მინდოდა მოხვედრა რაც ბავშვობაში ბრუკ შილდსის ფილმი ვნახე ამავე სახელწოდებით. მინდოდა ამ უსაზღვრო დიუნების ნახვა და უდაბნოს სულის შეგრძნება. არაფერს დავწერ იმაზე, რომ უდაბნოსკენ მიმავალს გზად მანქანა გავიფუჭდა, ისიც რა მოსაყოლია რომ ვიღაც გიჟი მძღლის მანქანაში გადაგვსვეს, არც იმაზე ვისაუბრებ ბევრს, თუ როგორი საოცარი პეიზაჟები იშლებოდა მანქანის ფანჯრიდან, აი ზუსტად ისეთები ფილმებში რომ აჩვენებენ ხოლმე - ეს გასაგებიცაა, მთელი ჰოლივუდი ხომ აქ იღებს ყველა ფილმს რომელშიც ცოტა ეგზოტიკის ჩვენება სჭრდებათ. იმის თქმა მინდა, რომ მთელი გზა მზე აცხუნებდა და საოცარი ამინდი იყო, მაგრამ როგორც კი საჰარას უდაბნოს მივადექით და აქლემებზე ამხედრებული ქარავანი უდაბნოს დიუნებს დაუყვა კოკისპირული წვიმა და სეტყვა წამოვიდა!


უკვე მოიღრუბლა

გიდმა თქვა, ამ დროს ასეთი ამინდი ბოლოს 5 წლის წინ იყოო. მე ხომ უნდა გამმართლებოდა!


მშვიდობით ჩემო უდაბნოს ფოტოებო. ვერც ის საოცარი მზის ჩასვლა-ამოსვლა ვიხილე ასე მაგნიტივით რომ იზიდავს ხალხს. სამაგიეროდ ნაწვიმარ დიუნებზე სნოუბორდით ვიხალისე და ნამდვილად ვისიამოვნე ღამით სიბნელეში უზარმაზარი ქვიშის მთის კენწეროში არაბ გოგონასთან საუბრით. ხანდახან თავს იმითაც ვიმშვიდებ, რომ ჩემსავით წვიმიანი საჰარას ნახვის ბედნიერება მხოლოდ ერთეულ ტურისტებს თუ ჰქონიათ Smile.


არ იმგზავროთ ლოკალური ავტობუსებით!

უდაბნოს შემდეგ მძღოლმა იქვე სოფელში ჩამომსვა სადაც ავტოსადგურის მსგავსი რამ უნად ყოფილიყო წესით. ფეზში მინდა წასვლა. ხანდახან მოგზაურობისას აღმოვჩნდები ხოლმე სიტუაციაში, რომელიც რატომღაც იმდენად განსხვავდება ჩემი ყოველდღიური რეალობისაგან, რომ თავი ძალაუნებურად რომელიმე სათავგადასავლო ფილმის გმირი მგონია. აი იმისი, დაკარგულ და ღვთისაგან დავიწყებულ ადგილას რომ მოხვდება ხოლმე. ავტოსადგური, ან უფრო სწორედ ის რასაც ავტოსადგური ერქვა იყო უფანჯრო-უკარებო მიტოვებული, ბინძური და ნახევრად დანგრეული შენობა. დღემდე ვერ გამიგია თუ რატომ იყო ქალების ტუალეტის კარები ბოქლომით ჩაკეტილი. 


მარტო ერთადერთი ქალი ვარ და ისიც უცხოელი. ირგვლივ გამურული და უდაბნოს მზით გადამწვარი ხალხი ირევა. ვიღაცამ დანჯღრეულ იკარუსის ტიპის ავტობუსსზე მიმითითა - ეს არის შენი ავტობუსიო. მოვთავსდი, ნელნელა ღელვა მეწყება, ან როგორ არ დაგეწყება როცა გასვლამდე 1 საათია დარჩენილი და ვიღაც კაცი კი ეხლა არის შემძვრალი ავტობუსის ქვეშ მის გასაკეთებლად! ეხლა აკეთებს!!!

ავტობუსი ნელნელა ივსება, მე თეთრი და ფითქინა ისე გამოვირჩევი ამათგან რომ... თუმცა თავს ვუმეორებ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი თავგადასავალია და მეტი არაფერი. ფეზამდე 9 საათია. ავტობუსში ისეთი ჭყლეტვაა, რომ 2 სავარძელზე 3 და ზოგან 4-იც ზის. ჩემს გვერდით მჯდომი მგზავრი ერთი 10-ჯერ მაინც შეიცვალა. ბოლოს ერთი ახალგაზრდა არაბი გოგონა მომიჯდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე ვაშლი ვიყიდე, მარტო ჭამა მომერიდა და ამ გოგონას ვუწილადე. მანაც მადლობა ჭესტებით გადამიხადა (ინგლისური არ იცოდა 1 სიტყვაც). მერე კი თავისი ორცხობილაც გამიყო.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, არასოდეს დამავიწყდება ამ არაბის გოგონას სახე, როცა ჩემი ფანჯრის ქვეშ ბორბალმა შავი კვამლი გაუშვა. ავტობუსი ისე მალე აისვო ამ შავი კვამლით, რომ წესიერად შეშინებაც კი ვერ მოვასწარი. ის იყო მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, რომ გოგომ მე აქედან მივდივარო მანიშინა, ხელი მაგრად ჩამავლო და ჩანთის აღებაშიც კი დამეხმარა. მერე გზად მიმავალი ტაქსი გამიჩერა, ჩემს ნაცვლად აუხსნა სადაც მივდიოდი და მე ამ სიტუაციით გაოგნებულმა მხოლოდ ფანჯრიდან ხელის დაქნევაღა მოვასწარი მისთვის. არა და დღემმდე მახსოვს როგორ მიცემდა იმ მომენტში გული, როცა უკან მოუხედავად გავეცალეთ ამ შავი კვამლით სავსე ავტობუსს. 


ჩემი მფარველი ანგელოზი 

დღემდე მგონია, რომ ადამიანი სახელად ჰამზა შაჰიდი ჩემი ანგელოზია, რომელიც იმ მომენტში მოგზაურობის ღმერთმა გამომიგზავნა. 
ძალიან მინდოდა ტანჯიერში მოხვედრა, იქ სადაც ხმელთა შუა ზღვა ოკეანეს უერთდება. ასეთ ადგილებში ყოველთვის ენერგიით ვიმუხტები ხოლმე. თუმცა ძალიან შევწუხდი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და პლაჟს მივაშურე. ბანაობაზე არც მიფიქრია, უბრალოდ ფეხზე გავიხადე და დავიწყე წინ-და უკან სეირნობა. ამ სეირნობისას თვალში მომხვდა ორი ახალგაზრდა. ერთი თინეიჯერი, მეორე კი მოზრდილი, თავგადადახოტრილი და მეტად ათლეტური - გარეგნობით ძალიან მაგონებდა ვანდამის ფილმებში რომ იყო თავხოტორა უარყოფითი პერსონაჟი. უცნობმა შორიდან გამიღიმა, მეც გავუღიმე და გზა განვაგრძე. 

ცოტა ხსნის ხეტიალის შედეგ ვიღაც აბეზარი მომიახლოვდა, ამღვრეული თვალებით და შეუხედავი ფიზიონომიით. რა თქმა უნდა ზურგს ვაქცევ და სხვა მიმართულებით მივდივარ. აბეზარი არ იშლის და გზას მიღობას, თვალით იმ თავხოტორას და მის მეგობარს ვეძებ და მათი მიმართულებით ვიწყებ მოძრაობას. რატომღაც ვიგრძენი, რომ მათი იმედი შეიძლება მქონდეს. ქვიშაზე მჯდომმა თავხოტორამ შემამჩნია, წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა. უეცრად სახე შეეცვალა და მთელი ძალით ღრიალით გამოიქცა ჩემსკენ, მომვარდა, ამ სანახაობით გაოგნებულს ხელი მკრა და სანამ მე გონს მოვეგებოდი ჩემს გამნაწყენებელს ეცა. თურმე ნუ იტყვით, ის ვიღაცა იმდენად გამწარებულა ჩემი იგნორით, რომ იქვე დღისით მზისით პლაჟზე გადაწყვიტა ჩემი აკუწვა Smile.

ცოტა გონს რომ მოვეგე, გამომკითხა ვინ ვიყავი და რა ჯანდაბას ვაკეთებდი აქ მარტო. "კატასტროფე! კატასტროფე!" იმეორებდა აღშფოთებული. მომიყვა თავის შესახებაც, ჰოლანდიაში მოღვაწე პროფესიონალი კიკბოქსიორი ყოფილა. ამიხსნა, რომ ჩემი გამნაწყენებელი ნარკო ბარიგაა. რომ აქაურობა სავსეა მისნაირებით და რაც ყველაზე ცუდია პოლიცია უარესია.

წიგნზე თავისი ნომერი წამიწერა და თითის ქნევით გამაფრთხილა, თუ რაიმე დაგჭირდეს ან ვინმემ გაწყენინოს არ მოგერიდოს დარეკვაო. ბოლოს ტაქსიც კი თავად გამიჩერა, მძღოლს სულ მუშტები უღერია ცხვირთან, ეს გოგო პირდაპირ სასტუმროში მიიყვანე თორემ ვერ გადამირჩებიო და უკან მოუხედავად წავიდა.

ხომ ჰგავს ვან დამის ფილმებში რომ იყო იმ ბოროტ ტიპს? Smile
მე რომ ჩავჯექი იკ უკვე იჯდა ერთი ზანგი ბიჭი (მაროკოში შეარ ტაქსებია ძირითადად) და როცა მის გაჩერებას მივუახლოვდით "თავაზიანად" შემომთავაზა აქ ჩამოდი და მე გაგაცილებ სასტუმრომდეო. ეს რომ ტაქსისტმა გაიგო, სულ კინწისკვრით ჩააგდო მანქანიდან "ხომ მომკლავს ის გიჟი" სიტყვებით Smile.

ტანცი აბნიმანცი


no comments! Smile
ერთ საღამოს ფეზში სასტუმროს პატრონმა, მე და ერთი ამერიკელი გოგონა დასალევად დაგვპატიჟა. დალევა ზოგადად მაროკოში აკრძალულია, ქუჩაში თუ ლუდის ბოთლით დაგინახეს, ციხე არ აგცდება (ნუ, ციხე თუ არა, პოლიციის განყოფილებაში გასეირნება მაინც). სასმელი რომ გაყიდოს, დაწესებულებას სპეციალური ლიცენზიის მოპოვება და რა თქმა უნდა მთავრობიის წრეებში კარგი ნაცნობ-პატრონები სჭირდება. ჰოდა, ეხლა ამას თუ დასვალური დისკოთეკაც ემატება და მიხვდებით, თუ რა რიგ განსაკუთრებულ ადგილას წაგვიყვანა ამ ყმაწვილმა. 

ყმაწვილი, ყმაწვილად, ეს სხვა ისტორიაა და მასზე ალბათ ოდესმე წიგნში დავწერ. უბრალოდ, რაც იმ საღამოსგან დამამახსოვრდა, იყვნენ მაროკოელი გოგონები. შუა კლუბში საცეკვაო ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე მაროკოელი გოგონა ცეკვავდა. კლუბურად იყვნენ გამოწყობილები. ისეთი არაფერი, მოკლე კაბა, მოშიშვლებული ადგილები, მკვეთრი მაკიაჟი, მომღიმარი სახე. ჰოდა ცეკვავდნენ ეს გოგონები მარტონი, ირგვლივ მაგიდებზე კი სავარაუდოდ ფეზის ნაღები საზოგადოების მამაკაცები მოკლათებულიყვნენ, ცეკვით რა თქმა უნდა არავინ ცეკვავდა. მარტო სასმელის წრუპვით და ხარბი თვალების ცეცებით იყვნენ დაკავებულნი. 

იმ მომენტში ამ სიტუაციამ ე.წ. "სოფლის დისკოთეკა" გამახსენა, აი ჩემს ბავშვობაში რომ იმართებოდა გურიაში. გოგონები ვცეკვავდით, ბიჭები კი გარშემო ჩაცუცქულები გვიცქერდნენ. ჰოდა ისეთი უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რომ რატომღაც მომინდა ამ გოგონებს გამოვცნაურებოდი. ალბათ მართლაც ფემინისტკა ვარ Smile


კარგები

რა თქმა უნდა კარგი მოგონებებიც მაქვს მაროკოზე. ასე მაგალითად, მიყვარს მოგონება, თუ როგორ გავიცანი ერთხელ რაბათის ქუჩებში ხეტიალისას ორი ლესბოსელი გოგონა და შემდეგ მათთან და მათ სხვა არატრადიციული ორიენტაციის მეგობრებთან ერთად როგორ ვერთობოდით ასევე არატრადიციულ და მოროკოს კონტექსტიდან ამოვარდნილ ბარში.
მიყვარს მოგონება კალიფორნიელ დანიელაზე და მაროკოელ მეჰდიზეც, ჩემი წყალობით რომ გაიცნეს ერთმანეთი და დღეს დაქორწინებულები არიან.

ის მოგონებაც მიყვარს, ერთ მაროკოელი ხელოსნის სახლში რომ ვჭამ მის ოჯახის წევრებთან ერთად საჭმელს ერთი საერთო ჯამიდან. 

ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად ფეზში, მაგრამ 
ახალ Facebook ექაუნტში რატომღაც აღარ დავიმატე არცერთი
იმ დიალოგზეც სულ მეღიმება მე და ინგლისელ ყმაწვილებს რომ გვქონდა:

მე: "Do you have a Facebook?"
ის: "Yes!" - და მაწვდის Phrase Book-ს
მე: "No, I mean Facebook!"
ის: "Ah Sorry! Here!" - და მაწვდის Fez Guidebook-ს
მე: No, no! I mean FACEBOOK!" -  ამ დროს უკვე მეც, ისიც და მისი 2 მეგობარიც გულიანად ვხარხარებთ.


როგორც მსუნაგი ვერ ავუვლი გვერდს სამზაურელოს. მართლაც რომ საოცრად გემრიელი კერძები აქვთ!

რაღაც  დასკვნის მაგვარი

ჩემი მეგობრები გამუდმებით მიმტკიცებენ, რომ მე ჭკუას ვერასოდეს ვერ ვსწავლობ. შეიძლება აქ რაც დავწერე და უფრო მეტად კი რაც არ დავწერე იმის შემდეგ (მინდა მშობლებს წყნარად ეძინოთ ხოლმე როცა წავალ სადმე კიდევ), სხვა აღარც კი წასულიყო მარტო სახეტიალოდ უცხო ქვეყანაში. პირადად მე ასე ვუყურებ, ნებისმიერი ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა, მას ვერ შევცვლით, მაგრამ არასოდეს არ უნდა მივცეთ უფლება რომ ჩვენს ირგვლივ სამყაროს აღმოჩენაში შეგვიშალოს ხელი.
მე ალბათ არასოდეს გამოვსწორდები, თუმცა სავარაუდოდ ეს უკეთესიცაა. რომ გამოვსწორდე, ვინ უნდა ვიყო რო?


avatar
Simba
A-Group
A-Group

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 32
Location : pk
--Mood-- : Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum