Syria 2010 - (Part 1)

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours Syria 2010 - (Part 1)

Post by Simba on Sun Feb 23, 2014 9:19 am

უკვე ღამდებოდა ავტობუსი ალეპოს მიმართულებით რომ დაიძრა.

გიმგზავრიათ ოდესმე "პაბლიკ" ავტობუსებით ახლო აღმოსავლეთში? მარტოს? ღამით რამადანის დროს? შეიძლება ჩემს მოგონებებს შეცდომაში შევყავდე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ასე მარტოდ მარტო მოვკალათდი სკამე და გავეშურე, სამხრეთისაკენ. 

მინდა ვურჩიო ქალ მოგზაურებს, თუ არასდროს არ გიმგზავრიათ მარტო ეგეთ სიტუაციაში, არ გაგიკვირდეთ, თუ, რბილად რომ ვთქვათ, რამოდენიმე მგზავრის  ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობთ. ასე მაგალითად, ჩემს უკან მსხდომი 2 ვაჟკაცი, მთელი ღამის მანძილზე ჩემი სკამის ზურგს ფეხებს ურტყამდნენ (იქნებ ვერ ეტეოდნენ? ვერ გეტყვით). გამცილებელი (თურქულ ავტობუსებში, ყოველთვის გამოწკეპილი გამცილებლები შემოგეგებებიან და ჩაის და ნამცხვრებს არ მოგაკლებენ მგზავრობისას), ყოველ გავლა გამოვლაზე ახერხებდა ჩემთვის მხარის გაკვრას. ჰო, მეტყვით არაფერიო, ეგ რა არისო, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არც კი ვიცოდი სად მივდიოდი და კაცმა არ იცოდა კიდევ შემიშვებდნენ თუ არა ქვეყანაში, ამ დეტალებს ყურადღებას ვაქცედი. კიდევ არგი, ის ცისფერთვალება სირიელი კაცი, ბარგი რომ ჩემთან ერთად ჩააბარა, ჩემს წინ იჯდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორი იმედი მქონდა მისი და ის  უბრალო ფაქტი, რომ ჩემთან ახლოს იჯდა, მამშვიდებდა ამ შავი ხალხით გატენილ ავტობუსში.

ვტობუსი ჰატაის სადგურში შევიდა თუ არა, გამომიცხადეს ალეპოსთვის სხვა ავტობუსში უნდა გადაბარგდეო. ჩემი ზურგჩანთა ერთმა შავმა კაცმა მხარზე მოიგდო და სადღაც გაიქცა, გავეკიდე. ვიღაცამ ჰალებ–ჰალებ–ო დაიძახა, მისკენ წავედი. მესამე კაცმა პასპორტი გამომგლიჯა ხელიდან და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. გადავირიე, ჩანთას გავეკიდო, თუ პასპორტს? ჯანდაბას! პასპორტს გავეკიდე. 
სადისპეჩეროში შევვარდი, ჩემი პასპორტი ერთ ახმახ თურქს ხელში უჭირავს. "აა, გუჯისტან..." არ მესიაოვნა ტონი, მაგრამ ასეთ დროს, გურული ხასიათის გამოვლენას არავის გირჩევთ. თავი მორჩილად დავხარე, და ვიკითხე, ხომ მომცემენ ვიზას თქო. ამხედ დამხედეს, კი, შეიძლებაო... პასპორტი დაიტოვეს და მითხრეს 1 საათი დაელოდე გარეთ ავტობუსსო. გული უფრო მეტად დამიმძიმდა, მაგრამ მაინც გარეთ გამოვედი. ბარგი კაცმა არ იცის სადაა. პასპორტი ვიღაც თურქებს აქვთ. უკეთესს რას ინატრებს კაცი...

[You must be registered and logged in to see this link.]ჰოდა, მაშინ როცა უკვე სიმწრისგან ტირილი დავაპირე, იქვე სკამზე პენსიონერი მოგზაურების წყვილი შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ ისინიც ალეპოში, სირიაში მიდიან! მათი პასპორტებიც თურქმა დისპეჩერებმა დაიტოვეს. კარგი, ქართველ მაწანწალას დაჩაგვრას რა უნდა, მაგრამ კანადელი პროფესორებიც რომ ჩემნაირ სიტუაციაში დავინახე, დავმშვიდდი. შემდეგ, იამანიც გავიცანით. სირიელი სტუდენტი, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, სახლში ალეპოში მიდიოდა. იმ მომენტში, ნამდვილად ვიწამე, რომ მოგზაურობის ღმერთი არსებობს და ის არ მიმატოვებს... 
ფოტო, მე, იამანი, და კანადელი ქალი (სახელი არ მახსოვს, სადღაც მიწერია).


მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. შავი, ღიპიანი და ულვაშებიანი მესაზღვრეების გაოცებული სახეები მელოდა წინ. 
–სად მიდიხარ? 
–სირიაში? 
–კეროდ? 
–ალეპოში, პალმირაში, დამასკოში.
–რატომ არ აიღე ვიზა თბილისში?
–იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სირიის საკონსულო..
–იტყუები! მე ვიცი რომ არის!
ეს ყველაფერი ისეთი დამტვრეული ინგლისურით, მე რომ ჩემი თავი ბაირონი მეგონება მათ ფონზე.
შუალედებში დახედავენ ჩემს პასპორტს, ვიღაცას გადააწვდიან. ასე ხელიდან ხელში მთელი საბაჟო მოიარა, ყველა ჩემს სახელს აკვირდებოდა, ამომხედავდა და ხარხარებდა – რაო, ჩაი (TEA) გქვიაო?... შაქრით ხარ, თუ უშაქროდო... თავი კიდევ უფრო მეტად დავხარე...

აი მაშინ  კიდევ ერთხელ დავაპირე ტირილი. რჩევა მეგობრებო, თუ რკინის ნერვები არ გაქვთ, უვიზოდ არ მიაჭრათ სირიის საზღვარს. ჰოდა, როცა უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა, როცა, "საჭვო ყოფაქცევის ქალად" მიმიჩნიეს, აი მაშინ გაჩნდა ჩემს გვერდით იამანი, ის სტუდენტი ბიჭი. არ დაიზარა, თარჯიმნობა იტვირთა. თავისი ტელეფონიც კი ჩააწერინა მებაჟეებს, ამ გოგოზე მე ვაგებ პასუხსო. ამ დროს ფაქსმაც მოგვისწრო დამასკოდან, სირიის მთავრობამ დაადასტურა რომ არ ვიტყუებოდი და თბილისში საკონსულო არ გვაქვს. 

ვიზა ჩამირტყეს. 8 დღით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ბოლო მომენტში რომ მკითხეს რამდენი დღე დარჩებიო, 10–თქო ვიყვირე. კიდევ კარგი. ზემოთ ხსენებული რამადანის გამო 1 დღე ალეპოში გავიჭედე, მეორე დამასკოში. კიდევ ერთხელ გამიმართლა Smile.

როცა ვჯდებოდი, ავტობუსის მძღოლი მომიტრიალდა და მითხრა, ძალიან გაგიმართლაო. საერთოდ მინიმუმ 2 საათი სჭირდებათ საზღვარზე ვიზის აღებისთვის, შენ კიდევ რაღაც 30 წუთი დაგაყოვნესო...

ჰოდა, ის იყო დავმშვიდდი, რომ ავტობუსი ალეპოში შეგრიალდა. ყოფილხართ ალეპოში? თუ არა ვერასდროს გაიგებთ რას ნიშნავს, როცა გრძელი ღამის შემდეგ, უფრო გრძელი დილის და საზღვარზე გატარებული შუადღის შემდეგ, ზედ ალეპოს შუაგულში გაგიჩერებენ ავტობუსს და მოვედითო გეტყვიან.

მოვედით. ღმერთო, და ამისთვის მოვიკალი თავი?!

მეგზურებს დავემშვიდობე, კონტაქტები გავცვალეთ, ჩემი ზურგჩანთა ავიკიდე, ერთ ხელში Lonely Planet-ის წიგნი მდაიჭირე, მეორეში გუგლის რუკა ზედ რომ, ჩემი სასტუმრო მოვნიშნე.  კიდევ ერთი რჩევა მეგობრებ, თუ ახლო აღმოსავლეთში სასუმროს დაჯავშნას დააპირებთ, მარტო  ერთ წყაროს არ ენდოთ, LP- წიგნში და ფორუმში, აგრეთვეTrip Advisor–შიც გადაამოწმეთ და მხოლოდ რეიტინგის მაჩვენებელ ციფრს კი ნუ შეხედავთ, მოგზაურების რევიუებიც წაიკითხეთ აუცილებლად! 

ჩემს სასტუმროზე წიგნში ეწერა ერთადერთი სასტუმროა ძველ ქალაქშიო და ალეპოს ციტალედთან ყველაზე ახლოს არისო. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი ჭკუით ყველაზე უსაფრთხო ადგილას ვიშოვე ღამის გასათევი (მარტო ვარ გოგო მაინც!). ჰოდა, უკვე 2 დღის ემოციებისგან გათანგული, ქალაქში ნახევარი საათის წანწალის შემდეგ მივადექი ძველი ქალაქის კარიბჭეს. ჰოდა, ეხლა წარმოიდგინეთ აღმოსავლეთის ბაზარი. ალეპოს ძველი ქალაქი კი მეტი  არაფერია თუ არა ეს დიდი ბაზარი, ერთ–ერთი ყველაზე დიდი მთელს ახლოაღმოსავლეთში. ვიდექი ბაბ ანტაკიასთან, ანუ ამ ქალაქის კარიბჭესთან, შუა საუკუნეების ნაისრალები რომ  დღემდე ეტყობა ზედ, წინ უამრავი ხალხი ტრიალებს, უფრო მეტი კი გაურკვეველი რაღაცაებით ვაჭრობს და აი მაშინ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავი...


[You must be registered and logged in to see this link.]


(გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა ამდენი წერა)
avatar
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 32
Location : pk
--Mood-- : Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum